07 მარტი 2021,   12:14
ვრცლად
სამხედრო ტყვეებზე სასტიკი მოპყრობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა, პასუხი კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა აგონ - ვახტანგ მაისაია

პირველი ოფიციალური აღიარების შემდეგ, საქართველო კიდევ არაერთი სამართლებრივი შეფასების მოლოდინშია, რომ მოქალაქეები ოკუპანტი ქვეყნის აგრესიის მსხვერპლნი არიან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სადაც მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ რუსეთი ახორციელებდა კონტროლს, როდესაც იყო ადამიანების წამება და არაადამიანურ მოპყრობა, საქართველო ელოდება კიდევ არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნას. 

ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო ტყვეებზე არაჰუმანური და მათ შორის, სასტიკი მოპყრობა, ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა, რომელზეც ბრალი კონკრეტულ პირებს უნდა წარედგინოთ

"სამხედრო ტყვეებზე არაჰუმანური და მათ შორის, სასტიკი მოპყრობა, ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა. რომელზეც შესაძლოა წაყენებული იყოს ბრალი, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრებზე და მაღალი თანამდებობის  პირებზე, რომლებმაც გასცეს ბრძანება და მსგავსი ქმედებები დაუშვეს,"- აცხადებს ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ბევრი ფაქტობრივი მასალა, ის კარგად შეიფუთოს და წარედგინოს მოსამართლეს შესაბამისი ვერდიქტის გამოსატანად. 

"ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად დიდი იქნება ფაქტობრივი მასალა და მტკიცებულებები. ყოველივე ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს რამდენად კარგად იქნება შეფუთული იმისათვის, რომ წარედგინოს მოსამართლეს შესაბამისი ვერდიქტის გამოსატანად. სტრასბურგის გადაწყვეტილება საკმაოდ კარგი დასაწყისია, ჩვენ კიდევ გველის ბევრი მნიშვნელოვანი ქმედება ამასთან დაკავშირებით," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი.

სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

დღის ამბები