07 მარტი 2021,   12:55
ვრცლად
პრიორიტეტულია ჩვენთვის პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის სრული რეფორმირება - ალეკო ელისაშვილი​

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებას ინდივიდუალურ რეჟიმში, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად, იწყებს.

მისი განცხადებით, პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრის, საარჩევნო სისტემისა და ადმინისტრაციის ცვლილების გარეშე "მოქალაქეები" პარლამენტში არ შევა.

"ოთხი მოთხოვნა, რც იყო მოლაპარაკების 4 რაუნდის განმავლობაში, ამ 4 საკითხთან დაკავშირებით რამდენად აქვს სერიოზული მზაობა "ქართულ ოცნებას", ეს გვაინტერესებს. ამ პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენთვის პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება. 4-დან 3 არის ჩვენთვის პრიორიტეტი.

რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები და ამის გარკვევას ვაპირებთ. არ ვაპირებთ დანარჩენ ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას და კინკლაობას, ვინმეს თუ ექნება სურვილი, იციან ჩვენი ოფისი და მოვიდნენ,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დღეს მმართველი გუნდისგან მოისმენენ პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე.

"ჩვენთვის რაც არის პრიორიტეტი, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ვაპირებთ ინდივიდუალურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. დღეს გვინდა მოვისმინოთ მათი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, რომელზეც თავის დროზე გამოთქვეს მზაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები გაჭედილია, ვხედავთ, რომ პროცესი არ მიდის წინ, რომ ოპოზიციას სხვა ტაქტიკა და მოსაზრება აქვს, ჩვენ - სხვა. ჩვენი გზები გაიყო, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რისიც გვჯერა. პარლამენტში შესვლაზე არ არის ლაპარაკი, დღეს არის პირველი შეხვედრა იმასთან დაკავშირებით, რაზე მოვილაპარაკებთ ან ვერ მოვილაპარაკებთ.

პოლიტპატიმრების საკითხი არის პრიორიტეტული და ამ საკითხზე ჩვენ აუცილებლად გვექნება საუბარი, ამ საკითხის გარეშე არ ვაპირებთ სხვა საკითხების განხილვას. ოპოზიციურ ერთობას რომ გამოვეთიშეთ, ეს თქვენ გუშინ ნახეთ, რაღაც კოლექტიური სასამართლო, სადაც თქვეს, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია, რაც არის სრული სისულელე, რადგან ოპოზიცია ვინ არის და ვინ არა, ამას წყვეტს ამომრჩეველი,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ლევან იოსელიანთან ერთად პარლამენტში მივიდა - პარტია "მოქალაქეების" ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ხვდებიან.

დღის ამბები