01 მარტი 2021,   13:36
ვრცლად
ოპოზიცია "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ შეხვედრებზე უარს ამბობს

"ქართული ოცნების" შეთავაზებას, რომ მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგისთვის ნებისმიერ ფორმატში, ოპონენტები ეხმაურებიან.

მათი განცხადებით, მოლაპარაკებების ფორმატი უკვე არსებობს, სადაც მათ საკუთარი მოთხოვნების შესახებ უკვე ისაუბრეს და თუ "ქართულ ოცნებას" სურს დიალოგი შედგეს, მათ ეს ფორმატი უნდა გამოიყენონ.

"ქართულ ოცნებას" გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გარდა ამისა, გვაქვს საერთაშორისო ფორმატი და როცა იმ ფორმატში სრულფასოვან მონაწილეობაზე უარს ამბობს "ქართული ოცნება" და არ თანხმდება იმ კომპრომისულ წინადადებას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, რა აზრი აქვს ცალკე ფორმატის გაკეთებას, ვერ ვხვდები. ამიტომ, კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯი გადმოედგა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

"ჩვენ ძალიან მკაფიო, 4 პუნქტიანი შეთანხმება გვაქვს ჩამოყალიბებული, ეს არის საერთო კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება და თუკი "ქართულ ოცნებას" სურს რაიმეს განხილვა, მას აქვს მაგიდაზე ეს შეთავაზება, ნება იბოძოს, მოვიდეს შემხვედრი პატრიოტული კონსტრუქციული პოზიციით და გადაიჭრას სწრაფად ეს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ არასდროს გვქონია თვითმიზნად პარლამენტის ბოიკოტირება და ის პროცესი რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის ერთადერთი არჩევანი რომელიც ჩვენ დაგვიტოვა "ქართულმა ოცნებამ,"- აცხადებს  პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია.

"ქართული ოცნება" არ ცვლის თავის თავის რიტორიკას, მათ შორის არც პოლიტპატიმრებთან მიმართებაში და მეორე, შეხვედრა და მოლაპარაკება თუ უნდა, არსებობს ფორმატი ფასილიტატორი ელჩების მედიატორობით და ვალდებულები არიან, მოვიდნენ და განაახლონ მოლაპარაკება. ხელისუფლებასთან პარტიები ცალ-ცალკე შეხვედრას, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ,"- აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

დღის ამბები