28 თებერვალი 2021,   01:21
ვრცლად
რა დაინახა შაქარაშვილის საქმის მთავარმა მოწმემ ვახტანგ ახვლედიანმა - მკვლელობის ეპიზოდის განხილვა სასამართლოში გვიან ღამით დასრულდა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა გვიან ღამით დასრულდა. დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვახტანგ ახვლედიანი.

მისი უფლებადამცველის განცხადებით, ახვლედიანმა სასამართლოს მისთვის ცნობილი ინფორმაცია მიაწოდა და დაასახელა კონკრეტული გვარები და გარემოებები.

"ამომწურავად გასცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ინფორმაცია, ყველაფერი უპასუხა, რაც მისთვის იყო ცნობილი. თქვა ის, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ საქმის მეორე ეპიზოდზე მიცემული ჩვენება და დაადასტურა. დასახელდა კონკრეტული პირებიც, დასახელდა კონკრეტული გარემოებები, ის, რაც მისთვის იყო ცნობილი,"-განაცხადა ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატმა კახა წერეთელმა. 

დაცვის მხარის განცხადებით, ჩვენებაში ახვლედიანმა დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილს დაღუპვამდე გარკვეული პირების მისდევდნენ, თუმცა ვინ - ის ვერ აკონკრეტებს.

"ახვლედიანს არ დაუნახავს ვინები მისდევდნენ, არ არის შემსწრე შესაძლო ძალადობის, არც არანაირი გინების შაქარაშვილის მიმართ, მას არ გაუგონია არც შაქარაშვილის დახმარების თხოვნა, ყვირილი და ა.შ. არ დაუნახავს წყალში დახრჩობა, შესაბამისად, იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს,"- განაცხადა დაცვის მხარის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. 

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, "ტოიოტა ქამრის" ექვსივე მგზავრი სალანძღავი სიტყვებით მისდევდა გიორგი შაქარაშვილს და ვახტანგ ახვლედიანს.

"როდესაც "ტოიოტა ქამრის" ტიპის ავტომანქანა მივიდა, იქიდან გადმოსული ყველა პიროვნება, ექვსივე ადამიანი, სალანძღავი სიტყვებით, ანუ გინებით, აგრესიით მისდევენ მათ. თვითონ ვახტანგ ახვლედიანი და გიორგი შაქარაშვილი მდევრებისაგან თავის დაღწევის მიზნით სირბილს აგრძელებენ მეორეხარისხოვან, მოსატრიალებელ ზოლში, სადაც ვახტანგ ახვლედიანი დაიმალა. თუმცა, ამ დროს დაინახა მისკენ და გიორგი შაქარაშვილისკენ გადევნებული სამი პიროვნება,"-განაცხადა პროკურორმა. 

სხდომაზე ორი სამედიცინო ექსპერტიც დაიკითხა, რომლებმაც დანაშაულის ადგილი შეისწავლეს.

დღის ამბები