28 თებერვალი 2021,   00:51
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დღეს ბრალი დაუზუსტდებათ

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის დღეს ბრალის დაზუსტება უნდა მოხდეს. გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ სადემარკაციო კომისიის წევრების საკითხს პროკურატურა განიხილავს.

ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ბრალის დაზუსტება არ უნდა შეეხოს მუხლის კვალიფიკაციას.

ერთი კვირის წინ გენერალურ პროკურატურაში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი მანჯგალაძე ხელმეორედ გამოიკითხა. უკავშირდება თუ არა ბრალის დაზუსტება საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან შეხვედრას, უცნობია. 

"პროკურატურა დააზუსტებს ბრალს ნატალია ილიჩოვას მიმართ. აქამდე არ გვაქვს ინფორმაცია, რა შინაარსობრივი ცვლილება იქნება შეტანილი, თუმცა, როგორც ვიცით, მათ სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ კვალიფიკაციას, მუხლს და მის ნაწილს არ უნდა ეხებოდეს აღნიშნული ცვლილება. შეიძლება ძალიან ტექნიკური დეტალი იყოს, თუმცა შესაძლოა მთლიანად შინაარსს ცვლიდეს ამ ბრალის," – განაცხადა "უფლებები საქართველოს" იურისტმა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.

ივერი მელაშვილის ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ მუხლის დაზუსტება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურა 4 თვის წინ ბრალდებულების მიმართ წაყენებულ ბრალში არ ყოფილა ჩამოყალიბებული აღნიშნული ბრალდების ფორმულირებასა და შინაარსში.

"მოხდება ივერი მელაშვილისთვის ბრალის დაზუსტება. ჩვენთვის ამჯერად ცნობილი არის მხოლოდ ის, რომ დაზუსტდება არა კვალიფიკაცია, ანუ მუხლი, არამედ ბრალდების ფორმულირება და მისი შინაარსი. ეს მოქმედება ტოვებს გარკვეულ შთაბეჭდილებას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ პროკურატურა, როდესაც 4 თვის წინ ბრალდებულებს წაუყენა ბრალი, რეალურად არ ყოფილა ჩამოყალიბებული იმ ბრალდების ფორმულირებაში და შინაარსში, რომელსაც ედავებიან," - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსნებთ, მელაშვილი და ილიჩოვა ოქტომბერში დააკავეს. მათ საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს.

დღის ამბები