15 აპრილი 2021,   05:23
ვრცლად
დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო

უახლოეს მომავალში ესპანეთი სოლიდარობის გეგმის შესახებ გამოაცხადებს, რაც კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სწორედ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი ქმედებები და სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო საუბრის მთავარი თემა მადრიდში გამართული შეხვედრის დროს. 

"ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ პანდემია და კოვიდთან ერთობლივი ბრძოლა. ძალიან მნიშვნელოვანია ის სოლიდარობა, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც ორმხრივად ესპანეთის მხრიდან, ასევე ევროკავშირის ფორმატშიც და ესპანეთი როგორც დღემდე, ისე მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმისთვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მიიღოს ვაქცინა და ეს იქნება კვლავინდებულად ერთ-ერთი მხარდამჭერი, როდესაც ევროკავშირის ფორმატებში იქნება უახლოეს დღეებში ამ საკითხის განხილვა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრები მიესალმებიან საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას და ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე.

"ეს გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმისათვის, რომ საქართველო-ესპანეთის ორმხრივ ურთიერთობებს მივცეთ გარკვეული ბიძგი, გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე და განსაკუთრებული ფოკუსირება მოვახდინოთ ტურიზმზე, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და მცირე და საშუალო ზომის ბიზნესზე, იმ სფეროებზე, სადაც შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა. ჩვენ ასევე განვიხილეთ კოვიდ პანდემიით შექმნილი მდგომარეობა და მე გავაჟღერე ესპანეთის გეგმა, რომ ძალიან მალე დაამტკიცოს ვაქცინებთან დაკავშირებული "სოლიდარობის გეგმა" იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ჩვენი, როგორც ესპანეთის ერთგვარი გზავნილი, თუმცა ეს ასევე გახლავთ გზავნილი, რომელიც გვსურს, რომ გაჟღერებულ იქნას ევროკავშირის მიერ სოლიდარობის ნიშნად, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. არავინ იქნება დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება უსაფრთხოდ," - განაცხადა არანჩა გონზალეს ლაიასმა. 

დღის ამბები