25 თებერვალი 2021,   20:34
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კლინიკების კონსოლიდაციას და რაოდენობის შემცირებას გეგმავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოში კლინიკების ჭარბი რაოდენობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ ამ ფაქტორმა კორონავირუსის დროს დადებითად  იმუშავა, ნორმალურ პირობებში დაბრუნების შემდეგ, ადმინისტრაციული ხარჯების ეფექტური ხარჯვისთვის, საჭირო გახდება კლინიკების კონსოლიდაცია და რაოდენობის შემცირება.

"საქართველო მსოფლიო რუკაზე ცნობილია კლინიკების მაღალი რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლესთან მიმართებაში. ეს იყო კრიტიკის მთავარი საგანი, ვიდრე კოვიდის ეპიდემია დაიწყებოდა, თუმცა კოვიდის პერიოდში ამან დადებითი როლიც შეასრულა იმგვარად, რომ ჩვენ სწრაფად და მალე მოვახერხეთ დიდი რაოდენობის საწოლფონდის მობილიზება.

მაგრამ, როდესაც დაუბრუნდება ჯანდაცვის სისტემა ნორმალურ საქმიანობას, კლინიკების სიჭარბე და განსაკუთრებით, მცირე ზომის კლინიკების სიჭარბე, რომელიც უკავშირდება მაღალ ადმინისტრაციულ ხარჯს, არის არაეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.

ამდენად, აქ მიზანი არის, რომ ოპტიმალური იყოს კლინიკების რაოდენობა, რომელიც იქნება შესაბამისობაში მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებთან. თუ, დავუშვათ, დღეს ქვეყანაში ფუნქციონირებს 17 ათასი საწოლი და ეს გაფანტულია 300-ზე მეტ კლინიკაში, კლინიკების კონსოლიდაციამ უკეთესი პირობები უნდა შექმნას ოპტიმალური სერვისის მიწოდებისთვის, დაზოგოს ფული ადმინისტრაციულ რესურსზე და ეს ფული წავიდეს პირდაპირ ბენეფიციარისკენ და პაციენტმა მიიღოს მეტი და უკეთესი სერვისი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით დაწყებულია სტრატეგიის შემუშავების პროცესი.

დღის ამბები