25 თებერვალი 2021,   19:51
ვრცლად
ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ოჯახს ინფორმაცია ცხინვალელმა სახაზინო ადვოკატმა მიაწოდა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.

ცხინვალის ციხეში მყოფ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა უკვე მეორედ გაუგრძელეს. გახელაძის ოჯახი ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს მის გათავისუფლებას.

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ უკანონო პატიმრობიდან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობენ. ეს საკითხი დეკემბერში განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 51-ე რაუნდზეც, მანამდე კი, ნოემბრის ბოლოს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

დღის ამბები