28 თებერვალი 2021,   01:52
ვრცლად
დიდთოვლობა საქართველოში - კობი-გუდაურის გზაზე სატვირთო მანქანები უკვე ერთი კვირაა, ვერ გადაადგილდებიან

საქართველოში ამინდის გაუარესებამ გზებზე პრობლემები შექმნა. ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ინტენსიურად გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

შეზღუდვებია კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სადაც, თითქმის ერთი კვირაა, სატვირთო ავტომობილების მძღოლები ვერ გადაადგილდებიან.

ტრაილერის მძღოლები აცხადებენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს, საკვებიც დაუმთავრდათ და საწვავიც ცოტა დარჩათ. ისინი ღამეს მანქანაში ათენებენ და ასევე, ამბობენ, რომ პროდუქტი, რომელიც მიჰქონდათ, მალე გაფუჭებას დაიწყებს. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი კი აცხადებს, რომ მათ სატვირთო ავტომობილის მძღოლებს პროდუქტები დაურიგეს, რაც შეეხება გაწმენდით სამუშაოებს, მერი განმარტავს, რომ ჯერჯერობით ამის პირობები არ არის და გამოდარებას ელოდებიან. 

"მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად ვმუშაობდით და მგზავრები სრულად გადავიყვანეთ. 100-ზე მეტი მგზავრი იყო, ზოგი დარჩა, ზოგი კი გადმოვიყვანეთ და სასტუმროებში დავაბინავეთ. სატვირთო ავტომობილის მძღოლებს კი ადგილზე პროდუქტები დავურიგეთ. ჯერჯერობით, არ არის ის პირობები, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს. ველოდებით როდის გამოიდარებს," - აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი

ავტორი: თამარ თათარაშვილი

დღის ამბები