01 მარტი 2021,   14:00
ვრცლად
აშშ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებას. განცხადებას ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ავრცელებს. მაიკ პომპეოს განმარტებით, ნავალნის დაკავება რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების გაჩუმების მორიგი მცდელობაა.

რუსი ოპოზიციონერის დაკავებას ეხმაურებიან ევროკავშირის ლიდერებიც და რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ კანადის, ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებები.

ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-იც.

5-თვიანი მკურნალობის შემდეგ ბერლინიდან სამშობლოში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი გუშინ დააკავეს. რუსი ოპოზიციონერი ბერლინიდან მოსკოვში ჩაფრინდა. მისი თვითმფრინავი "ვნუკოვოს" აეროპორტის ნაცვლად "შერემეტიევოს" აეროპორტში დაჯდა, სადაც დააკავეს.

თვითმფრინავის მიმართულების შეცვლის სავარაუდო მიზეზად "ვნუკოვოს" აეროპორტში ნავალნის მხარდამჭერების მობილიზება სახელდება, ადგილზე მყოფ აქტივისტებს პოლიცია დროდადრო აკავებდა. დაკავებულებს შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც და ნავალნის "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი.

ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურში დაადასტურეს ნავალნის დაკავება და აღნიშნეს, რომ იგი პატიმრობაში ამ თვის ბოლოს სასამართლო განხილვამდე დარჩება.

ნავალნის რუსეთის საგამოძიებო უწყებები პირობითი სასჯელის წესების დარღვევასა და თავისივე დაფუძნებული ორგანიზაციის კუთვნილი თანხის თაღლითურად მისაკუთრებასა და დახარჯვაში ადანაშაულებენ.

ალექსეი ნავალნი აგვისტოში რუსეთში "ნოვიჩოკით" მოწამლეს, პოლიტიკოსი გერმანიაში მკურნალობდა.

დღის ამბები