25 თებერვალი 2021,   20:46
ვრცლად
თავისუფალ ჭიდაობაში საფრანგეთის გრანპრი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა

თავისუფალ ჭიდაობაში საფრანგეთის გრანპრი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა. გიორგი იანტბელიძის გუნდმა 9 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო. საპრიზო ადგილებისათვის დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც იბრძოლებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ანრი დელანის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო გრანპრის გამარჯვებულია. საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჩვენმა ფალავნებმა 9 სხვადასხვა სინჯის, 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საფრანგეთის ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ ზურაბ იაკობაშვილი, ბექა ლომთაძე, ნიკა კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი. ვერცხლის მედლებს დავით ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილი დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაო ლადო ხინჩეგაშვილს, ბექა ბუჯიაშვილსა და ირაკლი მწითურს ერგოთ. სამწუხაროდ მედლის გარეშე ნაკრების 10 წევრიდან, მხოლოდ 86 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით მარსაგიშვილი დარჩა.

გენო პეტრიაშვილი, რომელიც შარშან რომში ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა, ნიცაშიც დამაჯერებლად გამოვიდა და ყველა მეტოქე პირწმინდად დაამარცხა. ფინალში მან პოლონელ რობერტ ბარანს დიდი უპირატესობით 7:2 სძლია და 2021 წელიც ოქროს მედლით დაიწყო.

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები