15 აპრილი 2021,   02:45
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში გამოთქმულია წუხილი საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ ხარვეზებსა და ასევე ოპოზიციური პარტიების მიერ პარლამენტის ბოიკოტის შესახებ.

ასამბლეა მოუწოდებს ქვეყანას სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა ბრალდება საარჩევნო გადაცდომაზე; ასამბლეა ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ადგილები ახალ პარლამენტში და ძირი არ გამოუთხარონ მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას. ანგარიშში წერია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების მიუხედავად, პოლიტიკური კლიმატი საქართველოში პოლარიზებული და დაძაბულია.

"საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის მოშლის და კამპანიის დაფინანსების მკაფიო რეგულაციების არარსებობის ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის გარკვეული ასპექტებისადმი. არჩევნები ჩატარდა ფართო საზოგადოებრივ კონსულტაციების შედეგად არსებითად შეცვლილი კანონმდებლობის ფარგლებში, რამაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კუთხით გარკვეული გაუმჯობესება მოიტანა, თუმცა ხარვეზების გამოსასწორებლად კიდევ საჭიროა ძალისხმევა“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება. ასევე, ასამბლეა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საუბრობდნენ ფართომასშტაბიან თაღლითობაზე, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების წარმოების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, მიიღონ საპარლამენტო მანდატები,"- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებაში, ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის მცოცავ ოკუპაციაზე.

 

დღის ამბები