18 იანვარი 2021,   14:34
ვრცლად
მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის როლი, თუმცა ალბათ ტრაბახში არ ჩამითვლით, მეც ჩემი შენატანი მაქვს ამ გუნდში - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, არჩევნების შედეგები არ გადაიხედება. 

"დავუშვათ ბიძინა ივანიშვილი არ წასულიყო და ის შედეგი, რაც შედეგი საზოგადოებამ დადო, იქნებოდა ყველასთვის მისაღები. გრიგოლ ვაშაძემაც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი, მაშინ ახლიდან ჩაგვეტარებინა არჩევნები, რომ გვენახა მერე "ნაციონალური მოძრაობა" რამდენს აიღებდა?! არჩევნების შედეგი არ გადაიხედება ლიდერების წასვლით, ან მოსვლით, ან გუნდის შემადგენლობაში რაიმე ცვლილებით. ეს შედეგი არის საზოგადოების," - განაცხადა ხუნდაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

წამყვანის კითხვაზე, ხუნდაძის აზრით, იმ შედეგში, რაც "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებში მიიღო, ბიძინა ივანიშვილის წილი რამდენია, ხუნდაძე პასუხობს, რომ მმართველი გუნდის ყველა წევრს საკუთარი შენატანი აქვს გამარჯვებაში.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის როლი, თუმცა აქვე გეტყვით, რომ გუნდის თითოეულ წევრს აქვს თავისი შენატანი ამ შედეგში, მათ შორის, ალბათ ტრაბახში არ ჩამითვლით, მეც ჩემი შენატანი მაქვს ამ გუნდში.

ბიძინა ივანიშვილის წილი, რა თქმა უნდა დიდია. ეს გაიზომა ერთად, ბატონ ბიძინასთან, "ქართულ ოცნებასთან" და მის თითოეულ წევრთან ერთად. თუ ამის შემდეგ გვაინტერესებს, ამას ვნახავთ შემდეგ არჩევნებზეც. არჩევნების შედეგი დამოკიდებულია არამხოლოდ ლიდერზე, გუნდზე და თითოეულ წევრზე, არამედ დამოკიდებულია, ჩვენ ეს პერიოდი როგორ გავართმევთ თავს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშე დღეს ვდგავართ. რეიტინგი არ უნდა იზომებოდეს მხოლოდ ლიდერებით. რეიტინგი უნდა ჰქონდეს თითოეულ წევრს, გუნდს და რა თქმა უნდა, ლიდერსაც, ასე ქართული პოლიტიკა წინ ვერ წავა, რომ მხოლოდ ლიდერების ძიებაში ვიყოთ. რა თქმა უნდა, ყველას თავისი დამსახურება აქვს," - აღნიშნა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, ხუნდაძემ აღნიშნა, რომ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაც და წასვლაც იყო მშვიდობიანი. 

დღის ამბები