18 იანვარი 2021,   15:37
ვრცლად
"პარაგრაფი", სოლოლაკის ბიზნესცენტრი, ბანკი ქართუ, "ლაგუნა ვერე", "თაბორი რიზორთსი", მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და აბასთუმანში - ბიძინა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს" 30-მდე ობიექტი გადასცა

ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილება - "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ საქართველოში არსებული საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გადასცეს. საუბარია საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის, დაახლოებით მილიარდ-ნახევარი დოლარის აქტივებზე.

ჩამონათვალთა შორის, რომელიც ფონდს გადაეცა, არის 30-მდე ობიექტი - მათ შორის სასტუმრო "პარაგრაფი", შპს თბილისი სითი, სოლოლაკის ბიზნესცენტრი, "თაბორი რიზორთსი", ასევე ბანკი ქართუ, შპს ელიტა ბურჯი, ლაგუნა ვერეს ტერიტორია, მიწის ნაკვეთები ბაკურიანსა და აბასთუმანში.

გადაცემის პროცესშია კიდევ რამდენიმე ობიექტი.

"მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში.

მილიარდნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევრის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო. ამიტომ ვარჩიე, რომ მათი სამიზნე ისევ მე ვყოფილიყავი და არა ფონდი. ახლა კი, როცა საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან, ამ გადაწყვეტილებას უფრო თამამად ვღებულობ და მშვიდად ვარ.

არასოდეს მიცდია, ჩემი ჭარბი ფინანსური რესურსით ქართული ბიზნესისთვის რაიმე ტიპის დაბრკოლება შემექმნა, პირიქით – ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო. ამიტომაც, გათვლა მხოლოდ ბიზნესის რენტაბელობაზე არასოდეს მქონია... გულწრფელი სურვილი მქონდა, ქვეყანას დავხმარებოდი და ბიზნესსაქმიანობა არა მისი მომგებიანობით შემერჩია, არამედ იმით, თუ რა ჭირდებოდა ქვეყანას.

ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი Entrepreneur-ის ქართულ რედაქციასთან ინტერვიუს დროს. აქვე ბიძინა ივანიშვილმა აღიარა ის ფაქტიც, რომ საქათველოში "მომგებიანობის კრიტერიუმით" კმაყოფილი არ არის.

"სჯობდა ბიზნესს მოგების უფრო მაღალი მაჩვენებელი ეჩვენებინა, ბანკის შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. როგორც ჩანს, სათანადო ყურადღება ვერ დავუთმე, განსაკუთრებით პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები