23 იანვარი 2021,   12:58
ვრცლად
კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან - ელენე ხოშტარია

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების, ივერ მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იმყოფებიან, ისინი დაკავებულებს პირად თავდებში უდგებიან.

სასამართლო ბრალდებულების მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, დაკავებულები პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი არიან. 

"კარტოგრაფები არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან. არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც ამ ადამიანებს დაკავება ეკუთვნით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად,ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო, პოლიტიკური, ბინძური თამაშები და ახლა პოლიტიკური რეპრესიები,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა,რომ სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერა, ამ ადამიანების საჯაროდ დაცვა მნიშვნელოვანია.

"თავდებში ვუდგებით ამ ორ ადამიანს, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სასამართლოს იმედი ნამდვილად არ მაქვს, რადგან სასამართლო, ისევე, როგორც ყველა მართლმსაჯულების რგოლი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმს, ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, მოქალაქეების ერთობა, ამ ადამიანების დაცვა, მათ შორის, საჯაროდ,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, არის დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები