23 იანვარი 2021,   12:18
ვრცლად
სასამართლოში წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო რუკები კარტოგრაფიულად უვარგისია - ედუარდ მარიკაშვილი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულის, ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარადგენს, რომლითაც დასტურდება, რომ რუკები, რომლის გამოუყენებლობასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, კარტოგრაფიულად ვარგისი არ არის.

მისი თქმით, ისინი დამატებით წარადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილი 200-მდე პირის ხელმოწერას, რომლებიც მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ დაკავებულებს. 

"ჩვენი პოზიცია არის, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან და დამატებით ვთავაზობთ სასამართლოს დაახლოებით 200 ადამიანის თავდებობას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ იყვნენ ბრალდებულების თავდებები.

ჩვენ დღეს სასამართლოში წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადავო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები, არის უვარგისი კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები არის სრულ აცდენაში რეალობასთან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები და იყო გამოუსადეგარი და ამიტომ არ გამოიყენეს,"-განაცხადა მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, არის დაკავებული.

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.

დღის ამბები