17 იანვარი 2021,   06:18
ვრცლად
მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინში - ოპოზიცია "ოცნებისგან" შემხვედრ წინადადებას ელოდება

ოპოზიცია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მმართველი გუნდის ოპონენტები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისულ გადაწყვეტილებას ელოდება.

"რაუნდი რაუნდისთვის ან მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის ვერ გაიმართება. თუ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ შეთანხმება შედგეს, მაშინ აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას. ოპოზიციის გაერთიანებული, შეთანხმებული პოზიცია ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის ის, რომ არის მთელი რიგი საკითხები გადასაჭრელი იმისთვის,რომ ჩვენ კომპლექსურად შევთანხმდეთ, რომ ქვეყანაში იცვლება პოლიტიკური გარემო. სხვა პოზიცია ოპოზიციაში შეთანხმებული არ არის,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, ოპოზიცია სოლიდარულია იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ თუ "ოცნება" შესაბამის წინადადებას არ წარმოადგენს, ისინი პარლამენტში არ შევლენ. 

"ხედავთ, რომ ოპოზიციას აქვს მუდმივი შეხვედრები და კონსულტაციები და არის მზადყოფნა გამოთქმული, რომ იყოს მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ოღონდ, მთავარია, იყოს კონკრეტული შემოთავაზება. არ იქნება სხვა გადაწყვეტილება, არ იქნება იმასთან შეგუება, რომ ეს არჩევნები იყო მანიპულირებული. ეს არის ყველას გადაწყვეტილება, ყველა იყო სოლიდარული და, მე ვიცი, რომ რჩებიან სოლიდარული ამ გადაწყვეტილებისადმი,"-განაცხადა გიგი წერეთელმა. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში "ქართული ოცნება" შემხვედრ წინადადებას წარმოადგენს.

"მოლაპარაკების მაგიდასთან დევს განსახილველი საკითხები, რომელიც ეხება არჩევნებს, საარჩევნო კომისიებს და არჩევნების წესებს, რა პირობებში ჩატარდება არჩევნები, სხვა სახის წინადადება, ჯერჯერობით, არ არის. ამიტომ, ჩვენ ველით წინადადებებს "ქართული ოცნებისგან", თუ რაზე შეიძლება მოლაპარაკება. ასეთს ჩვენ ვერ ვხედავთ და ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც იყო წინა ორ რაუნდზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში "ქართული ოცნება" შიგნით დალაგდება,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია "გირჩი", რომელიც პარლამენტში შესვლაზე კოლეგა პარტიებთან ერთად უარს აცხადებს, ახალ პირობაზე ალაპარაკდა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ ხელისუფლებამ ვადამდელ არჩევნებზე უარი თქვა, მაგრამ თანახმა იქნება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიციაა შეთანხმებული, "გირჩი" პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყოდა.

პარტიების ნაწილისთვის ზურაბ ჯაფარიძის წინადადება მიუღებელია.

დღის ამბები