23 იანვარი 2021,   12:29
ვრცლად
არჩევნების ჩატარება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მოქალაქეები პანდემიის და მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში მივიდნენ ხმის მისაცემად - მაია ცქიტიშვილი 

ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ გადაიდო არჩევნები იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მინისტრი ამბობს, რომ ეს არჩევნები იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წინა წლებში ჩატარებული კენჭისყრა. მისი თქმით, ამას ისიც ადასტურებს, რომ მძიმე პანდემიურ პირობებშიც კი, 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ყუთთან. 

"პანდემიის დროს აუცილებელია სტაბილური განვითარება, აუცილებელია ყველა იმ ფუნდამენტური, ძირითადი მდგენელის შენარჩუნება, რომელსაც კრიზისი ემუქრება და სწორედ არჩევნები და განსაკუთრებით ეს არჩევნები იყო იმაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაძლოა წინა არჩევნები. შესაბამისად, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს იყო პირველი არჩევნები, სადაც პრაქტიკულად სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავდოთ, ეს არჩევნები იყო, რომელშიც 9 პარტიამ გაიმარჯვა და 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე. ეს ადასტურებს თუნდაც იმას, რომ არჩევნები პანდემიის პირობებშიც, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენ აუცილებლად უნდა ჩაგვეტარებინა ეს არჩევნები სწორად, გამართულად და ეპიდემიოლოგებთან ერთად," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისის შიში არჩევნების გადადების მიზეზი არ არის. 

"პოლიტიკური კრიზისის შიში არ არის მიზეზი არჩევნების გადადების ან არჩევნების არ ჩატარების. დემოკრატია სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დააფიქსიროს არჩევანი და გადაწყვიტოს, თუ რომელი პარტიის ხილვა უნდა პარლამენტში და რომელ პარტიას ან პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ დააკისროს პასუხისმგებლობა როგორც ეკონომიკური კრიზის დაძლევაზე, ასევე პანდემიასთან ბრძოლაზე," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

  

დღის ამბები