22 იანვარი 2021,   14:23
ვრცლად
მოქალაქეებმა ჩვენ, 9 პარტიას დაგვავალეს, დადექით ერთად და ერთად გამოდით ამ კრიზისიდან - პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანამ ეპიდემიის პირობებში დიდი მსხვერპლი გაიღო იმისთვის,რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბებულიყო.

მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ოპოზიციამ მმართველ გუნდთან ერთად გაინაწილოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პასუხისმგებლობა. 

"ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ პოლიტიკური პროცესის განვითარების ლოგიკას, მიგვაჩნია, რომ მრავალპარტიული არჩევნები არის ის, რაც ამ ქვეყანამ დაიმსახურა იმ არჩევნებით, რომელიც ჩავატარეთ ეპიდემიის პირობებში - პირველი ტურიც და მეორე ტურიც.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით, კრიზისსა და ეპიდემიაში ვერ გაჩერდება, ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად.

ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში, რასაც ადასტურებს პარლამენტში გასული ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა და უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური ადგილების - თითქმის 1/3-ზე მეტი. ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს, რომ ეს დემოკრატიული პროცესი არის სწორი, ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. ის, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით მეტი ადამიანი მივიდა არჩევნებზე, ადასტურებს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ, ყველას ერთად, 9 პარტიას, დაგვავალეს, ამ ეკონომიკურ კრიზისში დადექით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, მართეთ ქვეყანა და ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხიმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად და ეს მათი გადაწყვეტილება, თუ ვინმე ამ პასუხიმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ის გავითვალისწინოთ, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ,"- განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები