18 იანვარი 2021,   15:06
ვრცლად
კოვიდთან ბრძოლას მედიკოსებიც ეწირებიან - ცხელ წერტილებად კი ისევ თბილისი და აჭარის რეგიონი რჩებიან

ბოლო 24 საათში კორონავირუსს 34 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არის ექიმიც.

56 წლის მედიკოსი თავად იყო ჩართული კოვიდთან ბრძოლაში. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა და პაციენტისგან დაინფიცირდა.

გადატვირთულობის გამო, პაციენტების მიღებას უკვე ვეღარ შეძლებს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი კლინიკა.

კორონავირუსის კლინიკური მართვა და მოსახლეობის ტესტირება რეგიონებშიც სპეციალური პროტოკოლით მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ რეგიონებში მოქალაქეები PCR ტესტირების პროცედურებსა და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მომსახურებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ. 

ამ დროისთვის, კლინიკებში 6 145 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში აქტიური ინფიცირების მაჩვენებელს დღეს 3 071 დაემატა.

ინფექციის სიმწვავეზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს სპეციალისტებმა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, დაავადების სირთულეს, მისი უსიმპტომობა ართულებს, ამიტომ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ, სიფრთხილისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

covid 19-ის გამო საგანგებო მიმართვას ავრცელებს საპატრიარქო, სადაც მრევლს და მღვდელმთავრებს ტაძრებში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

 

ავტორი: თამთა ასანიძე

დღის ამბები