18 იანვარი 2021,   14:59
ვრცლად
მოლაპარაკებებისა და შეთანხმების დაყოვნება პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის საზიანო - საბა ბუაძე

ოპოზიცია კვლავ მმართველი გუნდისგან წინადადებებს ელოდება - პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" მოლაპარაკებების პროცესი ფასადურად იქცა და მიუხედავად მათი განცხადებებისა, აუცილებელ დიალოგსა და კონსენსუსზე,  ამ განცხადებების პარალელურად მათგან წინადადებები არ ისმის.

საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკებების პირველივე შეხვედრაზე ითქვა. ის ფიქრობს, რომ ასეთ მწვავე ვითარებაში მოლაპარაკებების დაყოვნება ქვეყნისთვის საზიანო იქნება.

"მე ვთვლი, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, მთავარია, რომ სულისკვეთება ამ მოლაპარაკებების არ დაიკარგოს და ვხედავთ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან გარკვეულ წილად ფასადურად იქცევა ეს პროცესი, ვინაიდან კი ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია დიალოგი და კონსენსუსი, მაგრამ ამის პარალელურად კონკრეტული შემოთავაზებები არ ისმის.

ჩვენ ჩვენი წინადადება მივიტანეთ პირველივე შეხვედრაზე. ეს წინადადება გულისხმობდა ყველაზე მთავარ მიზანს ამ მოლაპარაკებებისას, ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ამის მიღმა ჩვენი მოთხოვნები ასევე იყო საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, კანონმდებლობის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო პიარისთვის დაიჭირეს, დღესაც ციხეში სხედან იმისთვის, რომ რამდენიმე ბრიყვს "ქართული ოცნებიდან" ეთქვათ, რომ გარეჯი საქართველოა, თითქოს დანარჩენმა საქართველოს ეს მათზე გაცილებით უკეთესად არ იცოდეს, ამიტომაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია.

ჩვენ ეს ყველაფერი მივიტანეთ მოლაპარაკებების მაგიდაზე, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდის მეორე მხარეს არ ყოფილა არც კონკრეტული შეფასებები ამ ჩვენი წინადადების, არც რაიმე სხვა კონტრწინადადება არ ყოფილა. "ქართული ოცნება" მოვიდა იქ საკმაოდ მოუმზადებელი, მოუმზადებლობა მათი საფირმო ნიშანი გახდა, უბრალოდ, ასეთ მწვავე ვითარებაში ამ მოლაპარაკებებისა და შეთანხმების დაყოვნება მე მგონია, რომ პირველ რიგში ქვეყნისთვის არის საზიანო," - აცხადებს საბა ბუაძე.

დღის ამბები