28 ნოემბერი 2020,   09:53
ვრცლად
ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე ოპოზიცის ორ წარმომადგენელს ჰქონდა გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა - ირაკლი კობახიძე 

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა ფიქსირდება. კობახიძემ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ ინციდენტებზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. 

"თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთო მონაპოვარია. ამ მონაპოვარის გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის, თითოეული პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პასუხისმგებლობაა. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ამ პასუხისმგებლობით და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში წარმართვას.

საარჩევნო პროცესი და პროცედურები არსებითად მშვიდ გარემოში და ხარვეზების გარეშე წარიმართება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ამომრჩევლის მაღალი აქტივობა, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაციას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

აღსანიშნავია, რომ 10 საათის მონაცემებით, აქტივობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მაჩვენებელსაც კი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გასული დღეების მანძილზე საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები გააფრთხილეს კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების დღეს დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების შესახებ, რომელთა ნაწილი, როგორც კობახიძე ამბობს, დადასტურდა. 

"მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით უარი თქვეს საარჩევნო კომისიებში ფუნქციების გასანაწილებელ კენჭისყრებში მონაწილეობაზე. შეინიშნება ჩვენს მიერ მხილებული ნაცმოძრაობის ფეიკ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დესტრუქციული ქმედებები, რომელთაგან გამოირჩევა პლატფორმა 2020.

ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა. ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიცის ორ წარმომადგენელს, ესენი არიან არზუმან ხასიევი "ევროპული საქართველოდან" და ვაშაძის პარტიის კანდიდატი, ელიმდარ მირიევი, ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები