30 ნოემბერი 2020,   12:44
ვრცლად
10 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8.33%-ია - ცესკო

10 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 8.33%-ია. რაც რაოდენობრივად არის 292 587.  ამის შესახებ განცხადება  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგზე გაკეთდა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა 11.8% რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 7.3% აჭარაში.

ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ყველა საარჩევნო უბანზე დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ყველა პირობაა შექმნილი ვირუსის პრევენციისთვის. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე შესვლისას უნდა ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში თუ მას არ ექნება პირბადე, ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, უწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნევლყოფილია ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარს ათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად ტოვებს საარჩევნო უბანს. ფარული კენჭისყრის კაბინები ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი,"-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

დღის ამბები