30 ნოემბერი 2020,   12:45
ვრცლად
საარჩევნო დარღვევების შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს

არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, დღის 10:00 საათისთვის, საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო, თუმცა, გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.  

საიას განმარტებით, ძირითადად, დარღვევები შეეხება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

გარდა ამისა, საიაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენლები ამომრჩევლებს წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან სურათებს უღებდნენ.

"ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

- გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს (დაწერილია საჩივარი);

- ზუგდიდის №65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს №23, თელავის №54 და მთაწმინდის №3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;

- შუახევში №41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად, აგრეთვე, სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი);

- მარნეულის №85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერეს და პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევის და ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუს №17,ზუგდიდის №24 და ბათუმის №35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

ამ დროისთვის ზემოთ ხსენებულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი და შენიშვნა დაწერეს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები