30 ნოემბერი 2020,   12:05
ვრცლად
კვლავ პრობლემას წარმოადგენს ე.წ. კოორდინატორების მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე - ISFED

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ორგანიზაცია არჩევნებს 1000 საარჩევნო უბანზე აკვირდება, სადაც მათი წარმომადგენლები იმყოფებიან. ორგანიზაციაში იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც საარჩევნო უბნებზე ამ დრომდე გამოვლინდა.

"ჩვენ დაკვირვებას ვახორციელებთ 1000 საარჩევნო უბანზე, სადაც გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში არიან ჩვენი დამკვირვებლები და გვყავს ასევე 78 მობილური ჯგუფი, რომლებიც უბნების მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებიან და იქ გამოვლენილი დარღვევების შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას.

ამ დროისთვის გამოვლენილ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ რამდენიმე შემთხვევაში ჩვენს დამკვირვებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა დროულად შესულიყვნენ საარჩევნო უბნებზე, მოგვიანებით ეს პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა თავდაპირველ ეტაპზე ისინი ვერ დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ხმის მიცემის ფარულობა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები გამოდიოდნენ ღია ბიულეტენებით, ისე, რომ ადგილზე მყოფ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაენახათ, ვის მისცეს ხმა. ასევე დარღვევა ჰქონდა "კოვიდ-19"-ის რეგულაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს. კერძოდ, რამდენიმე შემთხვევაში ამომრჩევლებს არ ახსნევინებდნენ პირბადეს იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი იდენტიფიცირება.

კვლავ ტენდენციის სახით პრობლემას წარმოადგენს ე.წ. კოორდინატორების მობილიზება უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც ისინი სიებით აკონტროლებენ უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩევლებს,“ - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ. 

დღის ამბები