30 ნოემბერი 2020,   11:59
ვრცლად
რუსეთის ფედერაციასთან არავითარი არაფორმალური კავშირები "ქართულ ოცნებას" არ აქვს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური პარტიაა და ამას ის საქმით ამტკიცებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს რუსეთის ფედერაციასთან მხოლოდ ფორმალური კონტაქტი აქვს და არავითარი არაფორმალური კავშირები არ არსებობს. 

"პასუხი მარტივია - ენას ძვალი არ აქვს, ისინი ყველაფერზე საუბრობენ. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, ეს იზომება საქმით, სიტყვითაც, მაგრამ პირველ რიგში, საქმით.

რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი 2-ჯერ და 3-ჯერაა შემცირებული. ჩვენი საქმე არის რა - შევამცირეთ საფრთხეები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, გავაძლიერეთ კავშირები დასავლელ პარტნიორებთან და თქვენ ხედავთ, რომ ორივე ძირითადი მიმართულებით, ეს არის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა, რაც არ ყოფილა 2012 წლამდე. ეს არის ასოცირების შეთანხმების მიღწევა, ეს არის უვიზო მიმოსვლა. რაც შეეხება ნატოს და აშშ-ს, ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი, მათ შორის, ელჩები, მინისტრები და ა.შ აღნიშნავს, რომ არასდროს ყოფილა აშშ-სთან და ნატოსთან ურთიერთობა ისეთი მჭიდრო, როგორც არის დღეს.

რუსეთთან დამოკიდებულებას რაც შეეხება, არსებობს ორი ფორმატი - წარმომადგენლების და ჟენევის ფორმატი. ამ ორ ფორმატს იყენებს საქართველოს ხელისუფლება იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ინტერესები.

ეს არის მხოლოდ ფორმალური კავშირის, ამის მიღმა არავითარი არაფორმალური კავშირები, ბუნებრივია, არ არსებობს. ასეთი კავშირებიც არსებობდა თავის დროზე და სწორედ არაფორმალური კავშირები გახდა ერთ-ერთი საფუძველი, რის მიხედვითაც გადასცეს ჩვენი ტერიტორიების 20% და ჩვენი სტრატეგიული, ეკონომიკური ობიექტები რუსეთის ფედერაციას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები