30 ნოემბერი 2020,   11:04
ვრცლად
ავჭალაში მომხდარი მკვლელობის მოტივი ისევ უცნობია - ადვოკატი გავრცელებულ ვერსიებს უარყოფს

ავჭალაში მომხდარი მკვლელობიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, დანაშაულის მოტივი ისევ უცნობია. მოკლულის ოჯახს ვერსიებზე საუბარი უჭირს, დეტალებს არც გამოძიება ასაჯაროებს.

ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი მოკლულის კრიმინალთან კავშირს უარყოფს. მისი თქმით, მას არც ციხის ბუნტთან და არც დეპუტატის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობასთან შეხება არ ჰქონია. ოჯახი წარსულში დაპირისპირების ფაქტებს ვერ იხსენებს.

მოკლული ბოლო წლებში ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლის ემოციური მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა და შესაბამისად მან სასამართლოში გამოცხადება და დაზარალებულის სტატუსის მიღება ვერ შეძლო. ოჯახის უფლებადამცველი ასევე უარყოფს გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებაც, რომ გარდაცვლილს მანქანაში იარაღი ჰქონდა.

"გუშინ გავრცელებული ვერსიები ციხის ბუნტი, კრიმინალი, ასევე მისი ნასამართლეობა აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. ასევე იარაღთან დაკავშირებით, თითქოს კადრები არსებობს, ასეთი კადრები არ არსებობს," - აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი ნიკოლოზ წულეისკირი.

ადგილობრივები "კურიერთან" გუშინ მომხდარ შემთხვევას იხსენებენ. მათი თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა კი გაიგეს, თუმცა არ იციან, ვინ ისროდა, ადგილზე მისულს კი თავდამსხმელი წასული დახვდათ.

დღის ამბები