27 ნოემბერი 2020,   01:55
ვრცლად
ჩემი ღირსებაც შელახეს და სამსახურიც, ეს იყო სრული ცილისწამება - დავით ხვიბლიანი მედიასთან გამოჩნდა

ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს და გავრცელებულ ვერსიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მასსა და შეიარაღებულ პირს შორის შესაძლო კავშირებზე ვრცელდება.

ხვიბლიანი თავდამსხმელთან სავარაუდო თანამზრახველობას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

"ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახური შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ეს მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, მიმდინარეობს გამოძიება და თუ იქნება საჭირო, გამოძიება იტყვის ყველაფერს.

სერგო ჩაჩიბაია ვინ არის, საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, მე სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავუყვანივარ, მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. გამოვცხადდი სამსახურში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბაზაზე," - განაცხადა დავით ხვიბლიანმა

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა, მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

დღის ამბები