30 ნოემბერი 2020,   12:47
ვრცლად
ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს

ალეკო ელისაშვილი და პარტია "მოქალაქეები" ხელისუფლებას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას სთხოვენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში განვითარებული მოვლენებით ხელისუფლების უუნარობა დადასტურდა, რამაც ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი გააჩინეს. "მოქალაქეების" თქმით, მძარცველის ხელიდან გაშვებით ბანკებზე თავდასხმის წახალისება მოხდა, რის გამოც პასუხისმგებლობა ვახტანგ გომელაურს ეკისრება.

"ქართულმა ოცნებამ" ასე ლაღად, თავისუფლად მძარცველის გაშვებით ამ ღარიბ, გაჭირვებულ და მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე ქვეყანაში წაახალისა ბანკებზე თავდასხმები. ქართული სახელმწიფოს სიბეჩავის წარმოდგენის ფონზე უბრალოდ დიდი უპასუხისმგებლობაა, რომ კონკრეტული თანამდებობის პირები ისევ განაგრძობენ თანამდებობაზე ყოფნას,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით დღის ორი საათისთვის შეიჭრა. ბანკის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს იარაღით დაემუქრა და მუხლებზე დაჩოქება უბრძანა. იყო რამდენიმე გასროლაც. ბოროტმოქმედმა მოგვიანებით, 500 000 ამერიკული დოლარი და თვითმფრინავით ქვეყნის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია მოითხოვა.

ბანკში მყოფების ნაწილმა თავს გაქცევით უშველა, 19 პირი კი ტყვეობაში დარჩა. ადგილზე მყოფი ერთ-ერთი მძევალი მედიას პერიოდულად ეკონტაქტებოდა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ბოროტმოქმედმა მძევლების გარკვეული რაოდენობა თავად გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პიროვნებამ ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. ერთ-ერთი მათგანი სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო. სწორედ გალდავა აწარმოებდა შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს და თავდამსხმელის მიერ მოთხოვნილი თანხაც ბანკში გალდავამ მიიტანა. ამ დროისთვის ყველა მძევალი უსაფრთხოდ არის, თავდამსხმელმა კი მიმალვა შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო.  

დღის ამბები