30 ნოემბერი 2020,   12:02
ვრცლად
თავდამსხმელის ვინაობა და მისი გადაადგილების მარშრუტი ამ ეტაპზე უცნობია

"საქართველოს ბანკის" შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მძევლებთან ერთად დატოვა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება სამართალდამცავები ბანკის მიმდებარედ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებს აგროვებენ.

ამ დროისთვის, ჯერ კიდევ უცნობია, თავდამსხმელის ვინაობა და ის, თუ რა მიმართულებით მოძრაობს მას შემდეგ, რაც მან მძევლებთან ერთად "საქართველოს ბანკის" ტერიტორია დატოვა. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელს იარაღთან მოქცევის გამოცდილება აქვს და სავარაუდოდ, ის, ისევ პოლიციის ე.წ პიკაპით გადაადგილდება.

"კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს მიდევნების ოპერაცია, ჯერჯერობით, ამის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური ინფორმაცია შესაბამისი უწყებისგან არ გავრცელებულა.

თავდამსხმელის მძევლებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავაა, რომელიც მას სხვა მძევლების სანაცვლოდ ჩაბარდა.

"კურიერის" ჟურნალისტებმა გადაამოწმეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელი წერტილები, თუმცა რაიმე მოძრაობა აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეინიშნება. ჯერჯერობით, ვერტმფრენი არ შეინიშნება არც ზუგდიდთან, ყველაზე ახლოს მდებარე დასაფრენ ტერიტორიაზე, რომელიც სოფელ ინგირში მდებარეობს.

დღის ამბები