28 ნოემბერი 2020,   21:38
ვრცლად
გადაკვალიფიცირდება თუ არა ლევან თოფაძის დაჭრის გამო აღძრული საქმე - "კურიერის" სატელეფონო ინტერვიუ დაზარალებულთან

პირველად 3 თვის განმავლობაში, გოგი თოფაძის შვილიშვილი, რომელიც 2 აგვისტოს საკუთარ ბინაში დაჭრეს, "კურიერთან" საუბრობს. "რუსთავი 2" დღეს ტელეფონით დაუკავშირდა ლევან თოფაძეს, რომლის დაკითხვაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხერხდა.

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟის, ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა დაცვის მხარის შუამდგომლობით, ნოემბრამდე გადაიდო. 

გოგი თოფაძე საქმის გადაკვალიფიცირებას ვარაუდობს. ის "კურიერთან" საუბრისას ყვება, რომ დაზარალებულის მხარის მოწმეების ჩვენებით ბუსა ჟვანიას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა უნდა შეეფარდოს, რაც, მისივე განმარტებით, ერთგვარ დათმობას ნიშნავს.

თოფაძის განცხადებებს აკრიტიკებს ჟვანიას ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელსაც დაცვის მხარის სტრატეგიასა და მტკიცებულებებზე საუბარი არ სურს.

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე საკუთარ სახლში ცივი იარაღით 2 აგვისტოს დაჭრეს. მომხდარიდან მალევე სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, ვაჟი, ბუსა ჟვანია, დააკავეს.

მოგვიანებით საქმე გადაკვალიფიცირდა და ამ დრომდე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, არ არის გამორიცხული, საქმის კვალიფიკაცია შედარებით მსუბუქი მუხლით კიდევ ერთხელ შეიცვალოს.

დღის ამბები