23 ოქტომბერი 2020,   10:24
ვრცლად
2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაციისას, პარტიის თავმჯდომარემ ოცნების მმართველობის 8 წელი მიმოიხილა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემამ მიაღწია:

" 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში:

ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა;

თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი;

160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის - ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი;

70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი;

35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი;

25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;

სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

200-ჯერ გაიზარდა პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

8-ჯერ შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

ეს მშრალი სტატისტიკაა, მხოლოდ ციფრები, და არა სუბიექტური ხედვა ან შეფასება.

ახლა ვნახოთ, დარჩა თუ არა შეუმჩნეველი ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია, უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს?

შედეგები, ამ მხრივ, მართლაც შთამბეჭდავია, კერძოდ:

ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის - "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა, ეფექტიანობით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, პირველ ადგილს იკავებს.

იმავდროულად, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სასამართლო პროცესების ხარისხის და სასამართლოს მიუკერძოებლობის პარამეტრებით, საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს  ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები