24 ოქტომბერი 2020,   04:32
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვლილთა ასაკი გაახალგაზრდავდა

COVID-19-ით გარდაცვლილ 32-ე პაციენტს, 57 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა ასაკი ბოლო პერიოდში გაახალგაზრდავდა.

"ეს არის 57 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასაც აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით, რომ სიკვდილიანობა არის გაახალგაზრდავებული. თუმცა თანმხლები დაავადებების სიმრავლე ყველა იმ პაციენტს აღენიშნებოდა, რომელიც დღეს გარდაიცვალა კოვიდინფექციის თანხლებით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესებული იყო, თუმცა ბოლო 2 დღის განმავლობაში ისევ გაუარესდა და დღეს დილით პაციენტი გარდაიცვალა.

"ჩვენთან როდესაც მოხვდა პაციენტი იყო სუნთქვის კომპონენტის გაუარესება, თუმცა მაშინ არ საჭიროებდა რეანიმაციულ ღონისძიებებს, შემდგომში გადაყვანილი იქნა თერაპიულ პალატაში, უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში კვლავ გამოიხატა სუნთქვის გაუარესება და ისევ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის პალატაში. დილით ადრე სუნთქვის გაუარესების გამო პაციენტი ინტუბირებული იქნა, თუმცაღა ინტუბაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ აღინიშნა გულის გაჩერება და სამწუხაროდ ვერაფრის გაკეთება ვეღარ შევძელით," - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

დღის ამბები