28 ნოემბერი 2020,   09:53
ვრცლად
მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, კიბერსივრცესთან დაკავშირებული საფრთხეები შეიძლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს - პრემიერი

თბილისში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმზე პრემიერ-მინისტრმა  ხაზი გაუსვა ამ ტიპის ფორუმის ჩატარების მნიშვნელობას და განაცხადა რომ, კიბერსივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები, წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და, ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა:

"სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ყველას გვახსოვს: კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს; 2019 ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა 1-ელ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას.

ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე.

ყოველივე ამას მივყავართ ეროვნული მასშტაბის სტრუქტურის არსებობის აუცილებლობისკენ, რომლის უფლებამოსილებაში შევა შესაბამისი სექტორული უწყებების კოორდინირება. ამ კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს ეროვნული მასშტაბის კიბერინციდენტების იდენტიფიცირება და მართვა.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ხსენებულთაგან ბევრი მიმართულებით ვდგავართ გამოწვევების წინაშე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, აღმოვფხვრათ ეს ხარვეზები. შესაბამისად, დღევანდელი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს მაღალ პოლიტიკურ დონეზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენი ერთობლივი განზრახვების კიდევ ერთხელ დადასტურება და ამავდროულად, სამუშაო დონეზე საქართველოს კიბერუსაფრთხოების არქიტექტურის, ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის კანონპროექტის და ინფორმაციის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმის დეტალური განხილვა.

კიბერსივრცეზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნო კიბერუსაფრთხოების სფეროში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების ფასდაუდებელი მხარდაჭერა. დიდ მადლობას მოვახსენებ თითოეულ თქვენგანს ამ მხარდაჭერისთვის.

გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები სრული სერიოზულობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად.

და ბოლოს, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, ხოლო კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები