24 ოქტომბერი 2020,   16:38
ვრცლად
მზად ვართ, ეს გამოწვევებით აღსავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად - პრემიერის სიტყვა გაეროს 75-ე სესიაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ფარგლებში "ღია მმართველობის პარტნიორობის" ლიდერებს სიტყვით მიმართა. სამიტში სხვადასხვა ქვეყნის ის პირველი პირები მონაწილეობენ, რომლებმაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულეს და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ეფექტური ღონისძიებები გაატარეს.

გიორგი გახარიამ ისაუბრა კორონავირუსთან გამკლავების კონკრეტულ გზებზე და საქართველოს გამოცდილებაზე. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია, საქართველო კი განაგრძობს პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად არის გამოწვევები შესაძლებლობად აქციოს.

"საქართველოს წარმატების ისტორია გრძელდება და ჩვენ ვრჩებით ღია მმართველობის პარტნიორობისა და მისი ფასეულობების ერთგულნი. ჩვენ კორუფციასთან ბრძოლის, საჯარო სერვისების შემუშავებისა და პროგრესული ღია მმართველობის ჩამოყალიბებისთვის მკვეთრი ზომების განხორციელების სოლიდური გამოცდილება გვაქვს. ამ ძალისხმევის შედეგები განსაკუთრებით ხელშესახები გახდა, როდესაც ახალ კორონავირუსთან ბრძოლა დაიწყო. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში განვითარებული ტექნოლოგიები, საჯარო სერვისები და სამოქალაქო საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შენება დაგვეხმარა, მაქსიმალურად გამჭვირვალენი ვყოფილიყავით ახალი კორონავირუსის დროს.

ეს კრიზისი არის იმის მტკიცებულება, რომ საფრთხის სიმძიმის მიუხედავად, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობის ფასეულობები მუდამ ინარჩუნებს ფუნდამენტურ დატვირთვას და მხოლოდ ღია მთავრობას შეუძლია რეაგირება მოქალაქეების საჭიროებებზე, მხოლოდ მას შეუძლია, თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს გაუძლოს. ამ მძიმე დრომ ყველას შეგვახსენა, რომ მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობა წარმატების გასაღებია. ვაგრძელებთ პანდემიამდე დაწყებული რეფორმების განხორციელებას და მზად ვართ, ეს გამოწვევებით აღსავსე დრო ვაქციოთ შესაძლებლობად და ინოვაციური გზებით გავაუმჯობესოთ სერვისებით უზრუნველყოფა, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და სხვა მიმართულებები, რაც კარგი მმართველობის არსს განსაზღვრავს,"-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები