23 ოქტომბერი 2020,   09:37
ვრცლად
ნარკოტიკების რეალიზებისთვის დაკავებული 11 პირი - ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას წინ ჰეროინის საკონტროლო შესყიდვა უძღოდა

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად 11 ნარკორეალიზატორი აიყვანეს, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, "ჰეროინს" სისტემატურად ყიდდნენ. წაყენებული ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

ბრალდებულების ჩხრეკისა და დაკავების სპეცოპერაცია ფონიჭალაში ერთდროულად რამდენიმე ბინაში ჩატარდა.

"კურიერი" დაკავებულების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზების ფაქტს უარყოფენ და ბრალდებულებს უდანაშაულოდ თვლიან.

ოჯახების პოზიცია კატეგორიულია, თუმცა სულ სხვა ფაქტებზე საუბრობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურად ჩატარებულ ბრიფინგზე გიორგი ლილუაშვილმა პოლიციის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ფარულ ვიდეომასალას, ამოღებულ ნარკოტიკებს, თანხებსა და მობილურ ტელეფონებს მოიცავს.

მძიმე დანაშაულში ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი თანამშრომლობას აპირებს, ნაწილი კი ბრალდებას არ აღიარებს - ასეთი ორი პირია. ვალი ალახვერდიევი და ფახრად ალახვერდოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, არ არის გამორიცხული დაკავებულების გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ ბრალდებულ პირთა წრე გაიზარდოს.

დღის ამბები