27 ნოემბერი 2020,   16:04
ვრცლად
ბათუმში დღეს გარდაცვლილ 25-ე პაციენტს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რთული ანამნეზი აღენიშნებოდა

კორონავირუსით გარდაცვლილ 25-ე პაციენტს გულის იშემიური დაავადება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ტემპერატურა აღენიშნებოდა. მას შემდეგ, რაც ის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, კოვიდტესტი აუღეს, თუმცა ვიდრე ლაბორატორიული კვლევის შედეგი ცნობილი გახდებოდა, 76 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტის ინფიცირების შესახებ ცნობილი უკვე დღეს დილით გახდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები უკვე გადაიყვანეს თვითიზოლაციაში, ეპიდემიოლოგები კი კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, პაციენტს ყველა სახის რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ რთული ანამნეზი ჰქონდა. კლინიკაში შეყვანის შემდეგ, ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ გასწეოდა დახმარება, ყველა რეანიმაციული და სხვა ღონისძიება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხელების კლინიკაში მოთავსებისას, წესის მიხედვით მისთვის აღებული იყო PCR კვლევისათვის ნიმუში და ამ დილით გახდა ცნობილი პასუხი, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ," - განაცხადა ნონა ეფაძემ.   

დღის ამბები