24 ოქტომბერი 2020,   04:42
ვრცლად
არანაირი კლონირება ან საქმესთან დაუკავშირებელი მონაცემის მოპოვება არ ხდება - პროკურორი მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზაზე

პროკურატურის მტკიცებით, ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატისა და დავით ფურცხვანიძის მიმოწერაში ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა.

მიხეილ რამიშვილის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ მობილური ტელეფონი მის გარეშე გახსნა პროკურორმა უარყო. პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო თუ ამ საგამოძიებო პროცესს თავად მიხეილ რამიშვილიც დაესწრებოდა და ეს იმ კითხვის ნიშნებს გააქრობდა, რომელიც მიხეილ რამიშვილის მხრიდან ამ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით არსებობდა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, სატელეფონო ექსპერტიზა მაინც ჩატარდება უკვე მიხეილ რამიშვილის გარეშე. მისივე განცხადებით, ის ფარგლები, რაც სასამართლომ პროკურატურას განუსაზღვრა, არის მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები და ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა.

"უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება ახლა. არანაირი კლონირება, ინფორმაციის რაიმე გადმოტანა, ან საქმესთან არაშემხებლობაში რაიმე სხვა მონაცემის მოპოვება ჩვენს მიერ არ ხდება. მხოლოდ და მხოლოდ ფურცხვანიძესთან დაკავშირებით და ასევე სატელიტურ ფოტოებთან. ეს არაერთხელ განვმარტეთ ჩვენ, თუმცა ეს არის მისი მოსაზრება, ალბათ გარკვეულწილად სჭირდება საკუთარი პოზიციისთვის, რომ ვითომ და ჩვენ რაიმე სხვა ინფორმაციას ვიპოვებთ.

აუდიოების წვდომას რაც შეეხება, ჩვენ ეს ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა მიხეილ რამიშვილთან ერთად, ამ პროცედურას ვუხსნიდით. ჩვენი ფარგლები, რაც განგვისაზღვრა სასამართლომ არის მხოლოდ ერთი რაღაც - ფურცხვანიძე, მასთან კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები და ასევე ფოტოსურათები.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ მის ინტერესში უნდა შედიოდეს მსგავს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღება," - აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე.

დღის ამბები