24 ოქტომბერი 2020,   04:38
ვრცლად
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ენმ-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს მხარს არ დაუჭერს

პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააშვილის კანდიდატურის დაყენებას ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. მათი ნაწილისთვის სააკაშვილის კანდიდატურა მიუღებელია და მათი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არ ექნება. 

ამ თემაზე ისაუბრა შალვა ნათელაშვილმა, რომლის განცხადებით, "ლეიბორისტული" პარტია საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დაყენებას აპირებს, შესაბამისად ამ შემთხვევაში სხვა პარტიის კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ. 

"ეს უნდა გადაწყდეს 31 ოქტომბრის შემდეგ, იმ საპარლამენტო ძალთა კონსულტაციების შედეგად, რომლებიც რაოდენობრივი უმრავლესობის შეგროვებას შეძლებენ ივანიშვილის მოსაცილებლად. მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე, თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს, ან ფიქრობს დასახელებაზე და აქაც ვერ ვხედავ ვერანაირ დანაშაულს. ჩვენ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გვეყოლება და ამ დღეებში დავასახელებთ და თუ ჩვენი გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური კოალიციის შექმნას გეგმავს და სხვა ალტერნატიულ ვარიანტს არ განიხილავს. 

"ვაპირებ შევკრა ოპოზიციური კოალიცია, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, სადაც დავიწყებთ აღმშენებლობის სტრატეგიის მოქმედებაში მოყვანას. სხვა ვარიანტს ჩვენ არ განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, ის მზარდი მხარდაჭერა, რაც აქვს ჩვენს გუნდს, მიუთითებს იმას, რომ მეტ და მეტ ადამიანს უნდა თანამონაწილეობა აღმშენებლობის პროცესში," -  განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არც მიხეილ სააკაშვილთან და არც გიორგი ვაშაძესთან კოალიციურ თანამშრომლობას არ განიხილავს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა. 

"სააკაშვილის პრემიერობა არანაირად არ არის უფრო სერიოზული ამბავი, ვიდრე ვაშაძის პრემიერობა. რა თქმა უნდა, სააკაშვილი უფრო მეტ ხმებს აიღებს ამ არჩევნებზე, ვიდრე ვაშაძე, მაგრამ ის, რომ გახდნენ პრემიერ-მინისტრები, ამის შანსი მათ დაახლოებით თანაბარი აქვთ. ჩვენ არ განვიხილავთ მათთან კოალიციურ თანამშრომლობას არც ერთ ფორმატში," - განაცხადა კახა კუკავამ.

მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს პარტია "მოქალაქეები". პარტიის გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი კი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენის დრო დადგა, მიხეილ სააკაშვილს კი მათი მხარდაჭერა არ ექნება. 

"დღეს დადგა ის დრო ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ახალი ადამიანები, ახალი სახეები უნდა გამოვიდნენ ასპარეზზე და ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილისთვის მხარდაჭერა სრულიად გამორიცხულია,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

"ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნო დაპირებების სიაში დღეს ოფიციალურად შეიტანა ვალდებულების პუნქტი, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. 

დღის ამბები