25 ოქტომბერი 2020,   15:49
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" მტკიცებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" დამატებით შტაბად გადაიქცა

ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" რეგიონული ოფისი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ბრალდებებს უყენებს.

პარტიაში ამბობენ, რომ საოლქო კომისია "ქართულ ოცნების" დამატებით შტაბად გადაიქცა. მიზეზად კომისიის მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დაკომპლექტებაა. 

"კომისიის წევრები არიან მონურ მორჩილებაში, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც მისცემს "ქართული ოცნება". სამწუხაროა, რომ ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია "ქართული ოცნების" დამატებით შტაბად,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე.

ბრალდებებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უპასუხეს. ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი წევრების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო. 

"ადგილი აქვს გარკვეული დისკრედიტაციის მცდელობას, რაზეც მეტყველებს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომ თითქოს არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, პოლიტიკურად დაკავშირებული პირები არიან. კომისიის წევრთა უმრავლესობას გააჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, ზოგიერთ მათგანს კი, 2018-19 წლებში კომისიის წევრად ყოფნის გამოცდილება,"- აცხადებს ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კალანდარიშვილი.

დღის ამბები