25 ოქტომბერი 2020,   15:41
ვრცლად
"კურიერმა" ახალი თაღლითური სქემა გაშიფრა - საბროკერო კომპანია "საქართველოს აქტივის" წინააღმდეგ დაზარალებულები სარჩელს ამზადებენ

"კურიერმა" ახალი თაღლითური სქემა გაშიფრა. საბროკერო კომპანია "საქართველოს აქტივს", ათობით დაზარალებული უკანონო საქმიანობაში ადანაშაულებს. დაზარალებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ისინი "კურიერთან" იხსენებენ, თუ როგორ აღმოჩნდნენ თაღლითური გარიგების მონაწილეები და რა გზით დაკარგეს ასობით დოლარი.

უკმაყოფილო მომხმარებლები, რომლებიც თაღლითური სქემის მსხვერპლნი არიან, ამ დრომდე დაზარალებულად არ არიან ცნობილი.

"საფირმო დასახელებით ოპერირებს ბაზარზე, როგორც უძრავი ქონების სააგენტო. ორი თვის სადეპოზიტო თანხას ითხოვენ და შემდეგ ქრებიან, არც ზარებს პასუხობენ. ხელშეკრულებას როდესაც გადავხედე, მივხვდი, რომ ბათილი იყო,"- აღნიშნა ერთ-ერთმა დაზარალებულმა გუკა გურაბანიძემ.

"კურიერის" ზარებს არ პასუხობდა კომპანია, თუმცა "კურიერს" დღეს მათ თავად მოაკითხეს და განაცხადეს, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ.

კომპანიის წარმომადგენელი შალვა ანფინიადი აცხადებს, რომ კომპანიის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

"ვინმე რეკავდა და არ ვუპასუხეთ, ეს არის ტყუილი. კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. არ ვიმალებით, უბრალოდ ამ ადამიანების ემოციებისგან გამომდინარე მათთან კონტაქტი შეუძლებელია. თუ ჩვენს შესახებ ვინმე დეზინფორმაციას გაავრცელებს ეს ჩვენს კომპანიას ზარალს მიაყენებს, რისი ანაზღაურებაც სამართლებრივი დავის საფუძველზე დეზინფორმატორებს მოუწევთ,"- განაცხადა შალვა ანფინიადმა.

დაზარალებულები კომპანიის წინააღმდეგ საერთო სარჩელს ამზადებენ.

დღის ამბები