23 ოქტომბერი 2020,   09:51
ვრცლად
კასპში განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მანქანის ხელოსანს წარსულში საკუთარ სახლში თავდაცვის მიზნით ორი ადამიანი ყავს მოკლული

კასპში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მანქანის ხელოსანია, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, მასთან სახლში მისულ კლიენტს და მის თანმხლებ პირს ესროლა. ერთი დაიღუპა, მეორე დაიჭრა.

დაკავებულის ახლობლები ყვებიან, რომ მასპინძელს სტუმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელოსანი კი იძულებული გახდა თავი დაეცვა. კომენტარი არ გაუკეთებიათ დღეს მოკლულის ოჯახში. 

გამომძიებლებმა მკვლელობის ადგილიდან იარაღი უკვე ამოიღეს. "კურიერმა" გაარკვია, რომ რამდენიმე გასროლა მაკაროვის სისტემის ფისტოლეტიდან მოხდა. გარდა ამისა, დაკავებულს სახლში სანადირო თოფიც ჰქონდა, თუმცა ორივე იარაღი კანონიერად არის გაფორმებული.

დღესვე ცნობილი გახდა წლების წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მიხეილ კოტიაშვილმა მასზე განხორციელებული თავდასხმისგან თავის დასაცავად, ასევე საკუთარ სახლში ორი ადამიანი მოკლა. მაშინ ის გაამართლეს და მართლმსაჯულების წინაშე არ წარმსდგარა.

62 წლის მამაკაცს, რომელიც კასპში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ცხელ კვალზე დააკავეს, ბრალს ხვალ წარუდგენენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების და იარაღის უკანონო შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

დღის ამბები