28 ნოემბერი 2020,   09:12
ვრცლად
პოლიცია 41 წლის უგზო-უკვლოდ დაკარგულ ამირან გაფრინდაშვილს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1979 წელს დაბადებულ მამაკაცს ეძებს. თბილისში, გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, N 32–ში მცხოვრებ ამირან გაფრინდაშვილს ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია მიმდინარე წლის 29 ივლისს, დედასთან ჰქონდა, რის შემდეგაც მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება სამართალდამცავ უწყებაში 12 აგვისტოს შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო და გრძელდება აღნიშნული პირის ინტენსიური სამძებრო-საძიებო ღონისძიებები. ამ ეტაპზე, გამოკითხულია ათეულობით პირი, დანიშნულია ექსპერტიზები და აქტიურ რეჟიმში გრძელდება შესაბამისი მოქმედებები გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.

ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ან აცნობონ პოლიციის უახლოეს განყოფილებას.

დღის ამბები