24 ოქტომბერი 2020,   16:08
ვრცლად
პანდემიის პირობებში ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმით, ოპოზიცია კი ჰუმანიტარულ ინიციატივებით ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას - საიამ წინასაარჩევნოდ დარღვევები დააფიქსირა

რა დარღვევები ფიქსირდება წინასაარჩევნოდ საქართველოში, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შუალედური ანგარიშის დეტალებზე "დღის კურიერის" ეთერში ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა ვახუშტი მენაბდემ ისაუბრა. ვახუშტი მენაბდის თქმით, პრობლემად რჩება სახელმწიფოს და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულვებელყოფა და ეს ძირითადად მიემართება მმართველ პარტიას, როდესაც სახელმწიფოსგან გაცემული სარგებელი მოქალაქეებმა შეიძლება აღიქვან, როგორც პარტიის მხარდაჭერა:

"ეს არის სახელმწიფო რესურსების გამოყენება, სამწუხაროდ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, სახელმწიფო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ანტიკრიზისული ნაბიჯების გადადგმისას, სამწუხაროდ  ეს "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო. ორი რამ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, პირველი - საზოგადოებასთან კომუნიკაციისას მკაფიო ხაზი უნდა გაავლოს სახელმწიფო მხარდაჭერასა და პარტიულ ინიციატივებს შორის. ცხადი უნდა იყოს, რომ სოციალური პროგრამების შემუშავება სახელმწიფოს ვალდებულებაა და არა მმართველი პარტიის კეთილი ნება, მეორე - უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯები გრძელვადიანი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და არა ამომრჩევლის გულის მოგება," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ და მაგალითად 6 აგვისტოს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა მოიყვანა, როდესაც მისი თქმით, პრემიერმაც და მთავრობის წევრებმაც აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ამ გეგმის დაფინანსებაში დიდი წვლილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა.

"ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ სახელმწიფო და პარტია არის ერთი და იგივე და მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ამის გამიჯვნა," - აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ.

ვახუშტი მენაბდემ ასევე ისაუბრა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევებზეც და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტებით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ

""ლელოს" საქმე, როდესაც ისინი სოფელ დიცში არ შეუშვეს, ასევე ანა დოლიძის კამპანიისთვის ხელშეშლა, ვფიქრობთ საგამოძიებო უწყებებმა აქაც მეტი უნდა იმუშაონ," - განაცხადა მენაბდემ.

შუალედური ანგარიში 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, კითხვაზე რა მდგომარეობაა სექტემბრის თვეში, ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, რომ უფრო გახშირდა სხვადასხვა ტიპის ინციდენტები,

"არსებობს 2 ძირითადი მიმართულება ამომრჩევლის გულის მოგება არაეთიკური, თუ არაკანონიერი გზით, სიტუაცია რთულდება პანდემიის პირობებში, ხელისუფლება ანტიკრიზისული გეგმით, ოპოზიცია კი ჰუმანიტარული დახმარებით ცდილობს გულის მოგებას, აღნიშნა მენაბდემ, ასევე მისი თქმით, პრობლემად რჩება საარჩევნო გარემოს დაძაბვის მცდელობებიც, ამის მაგალითად კი მან ხელვაჩაურში საკრებულოს შემთხვევა მოიყვანა, სადაც საკრებულოს წევრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მიუხედავად იმისა, რომ ის სხდომებს საპატიო მიზეზის გამო აცდენდა, უფლებამოსილება მაინც შეუწყვიტეს.

 

 

 

დღის ამბები