25 სექტემბერი 2020,   01:16
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა მასალები გამოითხოვა თუმცა გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერა

მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყების მოთხოვნას, მხარეებმა ხელი მოაწერონ გაუთქმელობის ოქმს, ბრალდებულების ინტერესების დამცველები აპროტესტებენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ამით პროკურატურა ცდილობს საქმეში სათანადო მტკიცებულებების არქონა დამალოს.

"უარი ვთქვით საქმის მასალების გადმოცემაზე და ხელი არ მოვაწერეთ გაუთქმელობაზე, ანუ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავიტოვეთ უფლება, ნებისმიერ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არსებობს, ვისაუბროთ. ჩვენ გვექნება მასალებზე წვდომა, თუმცა როგორ, ეს უკვე ჩვენი სტრატეგიის ნაწილია," - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს უფლებადამცველმა კი მასალების გამოთხოვა საჭიროდ ჩათვალა, თუმცა მას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. მიუხედავად ამისა, მას საქმის ახალი მასალების გასაჯაროება საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის მაინც ეკრძალება.

"მე მასალები ჩავიბარე, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და მე სამართლებრივ ჭრილში უნდა შევძლო მისი დაცვა, თუმცა ხელი არ მომიწერია იმ ოქმზე, რომელიც გამომძიებელმა შემომთავაზა და გამაფრთხილა, რომ მე თუ გავახმაურებ საქმის მასალებს, ამითი დავისჯები.

პროკურატურამ საზოგადოებას აჩვენა, რომ საქმე გახსნა. მკვლელობის მუხლით წარუდგინა ბრალდება არასრულწლოვანს, თუმცა იმის იქით არ აინტერესებს, რა მტკიცებულების საფუძველზე შერაცხა ეს ბრალდება," - აღნიშნა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

დღის ამბები