25 სექტემბერი 2020,   21:20
ვრცლად
"გიორგი შაქარაშვილი თუ წყალში ჩააგდეს, ამის მტკიცებულებებია საჭირო"- არასრულწლოვან ზ.ხ-ს ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას "ტოიოტა ქამრის" 5 მგზავრს ედავებიან. დანაშაულს არც ერთი აღიარებს. ბრალდებულებს ახალი დადგენილება გლდანის მე-8 საპატიმროში გააცნეს.

საპროცესო მოქმედებას ყველას ადვოკატი ესწრებოდა. უფლებადამცველები მტკიცებულებების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"გიორგი შაქარაშვილი თუ წყალში ჩააგდეს, ამის მტკიცებულებებია საჭირო. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პირებმა სცემეს და წყალში ჩააგდეს, რაზე დაყრდნობით ამბობენ ამას, რა მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, თუ უბრალოდ ვარაუდია, რომ ასე იზამდნენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ამ ბრალდებას, არ ცნობს თავს დამნაშავედ. მისი პოზიცია არის ის, რომ ის ვასილ მახარაძესთან ერთად იყო მანქანის წამოსაყვანად, გაყვა მას და ერთად წამოიყვანეს მანქანა და აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს, რომ ვასილ მახარაძეც იმავეს დაადასტურებს,"-განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, პროკურატურის მსჯელობა დანაშაულის შესახებ არ დასტურდება არც ერთი შესაძლო მტკიცებულებით.

"ვარაუდებზეც არ არის საუბარი, დადგენილებაში არის განვითარებული მსჯელობა, თითქოსდა ამ 5-მა პირმა სცემეს და წყალში გადააგდეს, რაც სრული აბსურდია მტკიცებულებითი კუთხით, ვინაიდან, ეს არ დასტურდება არც ერთი შესაძლო მტკიცებულებით. არ გვაქვს ჩვენ არც თვითმხილველი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე არ გვაქვს არანაირი ექსპერტიზის დასკვნა. ამირხანაშვილი ფიზიკურად ვერ მიაწვდის ინფორმაციას, რადგან ის არ ყოფილა ფაქტის შემსწრე მოწმე, ის ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, მისი ინფორმაცია ამ კუთხით არ არის ინფორმატიული და ვერც იქნება. რომც თქვას ეს, მისი მტკიცებულება იქნება დაუშვებელი მტკიცებულება,"-განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის თქმით, არც ერთი გამოკითხული პირის ჩვენებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.

"მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ნიკა რევაზიშვილმა, რომ იგი არის უდანაშაულო და, ბუნებრივია, არჩადენილ დანაშაულს ვერ აღიარებს. ვახტანგ ახვლედიანი საუბრობდა შეცვლილ ჩვენებაში, ბოლოს მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ თითქოს 10 წუთის მანძილზე ესმოდა რაღაც ხმები. არ ვიცი ვახტანგ ახვლედიანის ჩვენების შეცვლის მოტივაცია რა იყო, რაზე საუბრობს, რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენება და ა.შ. თუმცა, არც ვახტანგ ახვლედიანის ან რომელიმე გამოკითხული პირის ჩვენებიდან არ დასტურდება ნიკა რევაზიშვილის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა,"-განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

დღის ამბები