26 სექტემბერი 2020,   19:18
ვრცლად
ვერსია გვამის გადაადგილების, შემდგომში წაქცევის ან ხიდიდან გადავარდნის შემთხვევაში არ დასტურდება - პროკურორი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

პროკურორის ამირან გულუაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას მოკლული გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრობს.

პროკურორმა განაცხადა, რომ შუალედურმა ექსპერტიზამ მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინა.  ექსპერტიზის მიერ უტყუარად დადგინდა, რომ ვერსია გვამის გადაადგილების ან შემდგომში წაქცევის ან ხიდიდან გადავარდნის შემთხვევაში არ დასტურდება.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ 5 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ეს არის სსკ-ის 109-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფურად მკვლელობას. ეს 5 პირი გახლავთ იმ 17 პირთაგანი, რომელთა მიმართაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდა ჯერ კიდევ გამოძიების საწყისს ეტაპზე, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იყვნენ დაკავებული და შემდგომში მათ მიმართ პატიმრობა იქნა გამოყენებული. ბუნებრივია ამის შემდგომ გამოძიება გაგრძელდა გამოძიების მნიშვნელოვანი საკითხების მიზნით. მოპოვებულ იქნა სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერები, მობილური ოპერატორების მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია, ასევე მოწმეთა ჩვენებები. საბოლოო ჯამში სურათმა, რომელიც მტკიცებულებების სახით იქნა გამოძიების მიერ აღდგენილი მოგცა იმის შესაძლებობა, რომ 5 პირის მიმართ დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

რაც შეეხება გარკვეულწილად გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილების მიღებას, გულისხმობს მტკიცებულებითი თვალსაზრისით, მათ შორის ერთი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულება ამ საქმეზე, შუალედური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. გარკვეული პერიოდით ადრე დანიშნულ იქნა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში გიორგი შაქარაშვილის შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები განისაზღვრა ამ ექსპერტიზის წინაშე. ბუნებრივია ეს არის კომპლექსური სამედიცინო კვლევა, რომელიც გულისხმობს მაღალი დონის სპეციალისტების და ამას ობიექტურად გარკვეული პროცესი სჭირდება, გარკვეული დრო დასჭირდება საბოლოოდ ამ კვლევის დასრულებას, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს შუალედური პასუხი გარკვეულ კითხვებთან მიმართებაში, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან, როგორიც არის უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოქმნა და ექსპერტიზის მიერ უტყუარად არის დადგენილი, რომ ვერსია გვამის გადაადგილების ან შემდგომში წაქცევის ან ხიდიდან გადავარდნის შემთხვევაში არ დასტურდება და ცალსახა ამ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების განხორციელების გზით სასიკვდილო შედეგის დადგომაა, რასაც წინ უძღოდა სასტიკი ცემა გიორგი შაქარაშვილის. საუბარი არის შუალედურ ექსპერტიზაზე, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განსაზღვრა და გარკვეულ მიმართულებას ნათელი მოჰფინა. ბუნებრივია, კომპლექსური სამედიცინო კვლევა გრძელდება. ეს კვლევა მათ შორის, უკავშირდება მდინარეში გვამის ყოფნის დროს და ამ ნაწილშიც შესაბამისი პასუხის მიღებისთანავე საზოგადოება იქნება ინფორმირებული ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ეს ახალი გარემოებები, რაც საექსპერტო კვლევის შედეგად დადასტურდა ბუნებრივია, არ არის მხოლოდ საფუძველი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა. მოცემულ საქმეში ასევე, მოიპოვება კონკრეტულ პირთა ჩვენებები. მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულ იქნა გამოძიების ადრეულ სტადიაზე. შემდგომში მოხდა მათი დამატებითი დაკითხვები, გარკვეული დეტალიზაცია, არის ასევე წარმოდგენილი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებში, საუბარია იმ მოწმეებზე, რომელიც დღეს უკვე საქმეში დაზარალებულის სტატუსით სარგებლობენ და უშუალოდ შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ამ მტკიცებულებების ერთობლიობამ მოგვცა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც საბოლოო ჯამში სისხლის სამართლებრივი დევნით განხორცილდა," - განაცხადა  ამირან გულუაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწოდებული დაზარალებულისგან გარკვეულ საკითხთან მიმართებაში მეტ დეტალიზაციას შეიცავს.

​"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მოცემულ საქმეზე ადვოკატები საკმაოდ მაღალი დონის იურისტები არიან და ნამდვილად არ დასჭირდებათ ჩემი ახსნა-განმარტება საკანონმდებლო პროცედურებთან დაკავშირებით. მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდგომ არსებობს მთელი რიგი პროცედურები, რაც უნდა განხორციელდეს და ერთ-ერთი მათგანია მტკიცებულების გადაცემა. მანამდე მოხდება ბრალდების შესახებ დადგენილებების გაცნობა ბრალდებულთათვის, შემდგომ ეტაპზე უკვე მოხდება მტკიცებულების გადაცემა. შესაბამისად, ამ ნაწილში მე ვფიქრობ ნაადრევია ადვოკატების შეფასებები, როდესაც ისინი საუბრობენ მტკიცებულებების არსებობა-არარსებობაზე, იმ პირობებში, როდესაც ჯერ ამ ბრალდებით დამატებითი მტკიცებულებები ასე ვთქვათ გამოძიებას მათთვის არ გადაუცია. რაც შეეხება ჩვენების ნაწილს, არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოწოდებული დაზარალებულისგან გარკვეულ საკითხთან მიმართებაში მეტ დეტალიზაციას შეიცავს," - განაცხადა პროკურორმა. 

 



დღის ამბები