28 სექტემბერი 2020,   19:47
ვრცლად
ბრალდების მხარე იმათი გულის მოგებას ცდილობს, ვინც თვლის, რომ "ტოიოტა ქამრის" მგზავრებიდან ყველა მკვლელია - ალექსანდრე კობაიძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული "ტოიოტა ქამრის" მგზავრების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ბრალის დამძიმებისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, ბრალის დამძიმებისთვის პროკურატურას რელევანტური მტკიცებულებები არ აქვს. 

"მე რომ ვუყურე აღნიშნულ ვერსიას, არ ვიცი, თრილერივით მომეჩვენა ეს ყოველივე, რაც ბრალდების მხარეს, წესით არ უნდა გაეკეთებინა. რას ვგულისხმობ - ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ თურმე წყლამდე მისდიეს და შემდეგ წყალში მოახდინეს მისი ლიკვიდაცია, ეს, მინიმუმ, დროში ხომ უნდა გაეზომათ, რამდენად რეალური და რელევანტურია. რა თქმა უნდა, ამაზე მათ პასუხი არ ექნებათ, დარწმუნებული ვარ, თუმცა არა უშავს. ახლა ჩვენ, დაცვის მხარეს უფრო გაგვეხსნა ხელ-ფეხი, რომ ამ კუთხით მთელი რიგი საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩავატაროთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თავადაც იხილავთ, რომ ეს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არის წარმოდგენილი, რელევანტური არ არის.

აღნიშნულ გამოყოფილ საქმეშიც, როგორც მაქვს ინფორმაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნა არ არსებობს, რომ მართლაც და საფუძველი ყოფილიყო ბრალის დამძიმების. მრჩება განცდა, რომ ბრალდების მხარე ცდილობს გული მოუგოს საზოგადოების ნაწილს, ვინც თვლის, რომ "ტოიოტა ქამრში" ვინც ისხდნენ, ყველანი არიან მკვლელები,"-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

არჩილ გაგნიძის კიდევ ერთი უფლებადამცველი ვასილ მამულაშვილი აცხადებს, საქმე გახსნილად გამოაცხადეს მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

"ჩვენთვის გაურკვეველია, როდესაც საუბრობს იმ განვითარებაზე, რომ არჩილ გაგნიძემ და რევაზიშვილმა მოუარეს და მეორე მხრიდან ჩავიდნენ, ეს რომელი ინფორმაციით დგინდება, ფიზიკურად არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ არავინ ამ ადგილას არ ყოფილა თვითმხილველი მოწმე. ეს არის ვარაუდი და სამწუხაროა. ჩვენ ვიძახდით არაერთხელ, რომ ეს უფრო ცუდ სამსახურს გაუწევდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს და, ასევე, დაზარალებულს, ვინაიდან, ფაქტობრივად საქმე გახსნილად გამოაცხადეს მაშინ, როცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც დღეის მდგომარეობით არ არსებობს,"-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა "ტოიოტა ქამრის" მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს

მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულზე, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.  

როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს - ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

დღის ამბები