22 სექტემბერი 2020,   19:19
ვრცლად
ორი წელი კომაში და მედიკოსების სოლიდარობა ბრალდებულ ექიმებს - ვინ არის პასუხისმგებელი 25 წლის გოგოს მძიმე მდგომარეობაზე

ნათია ცირეკიძე ისევ იმ კლინიკაში რჩება, სადაც თითქმის ორი წლის წინ, ხერხემალზე ჩატარებული წარუმატებელი სამედიცინო ჩარევის შედეგად ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა ქალის მამა მიზეზად კლინიკის მიერ საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ასახელებს. დღეს ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდა.

აქამდე მინისტრთან შეხვედრა არ უცდია, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ექიმების მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, მან დახმარების თხოვნა თავადაც გადაწყვიტა. 

მანამდე, ვიდრე დაზარალებული გოგონას მხარე მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდა, ეკატერინე ტიკარაძემ მისი უწყების კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

მინისტრის შეხვედრა მედიკოსებთან, ექიმების ინიციატივით, კოლეგის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, სადაც ეს კონკრეტული სამართლებრივი დავა განიხილეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ კანონში არის გარკვეული ხარვეზები, რომლის გამოც ექიმები საბრალდებო სკამებზე არა გადაცდომების გამო, არამედ სისხლის სამართლის საკმაოდ მძიმე მუხლებით აღმოჩნდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების საქმეს 3 ბრალდებული მედიკოსი ყავს, რეგულირების სააგენტომ მხოლოდ 2 ექიმის გადაცდომა დაადგინა. 

სააგენტოს მსგავსად, კითხვები სწორედ საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით აქვთ იმ ექიმებსაც, რომლებმაც ბრალდებულ კოლეგებს მხარდაჭერა დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით გამოუცხადეს. ექიმები რეგიონებსა და დედაქალაქში სხვადასხვა კლინიკებთან შეიკრიბნენ.

ექიმების უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები 4 აგვისტოს დააკავეს. კლინიკის დირექტორი გიორგი ლობჟანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ქირურგ ვახტანგ ყიფიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ასევე პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

მედიკოსებს გამოძიება გულგრილობას, თაღლითობასა და უკანონო საექიმო საქმიანობას ედავება. შეუმსუბუქდებათ თუ არა ბრალი მედიკოსებს ჯერ უცნობია, ისევე, როგორც შეძლებს თუ არა მედიცინა კომაში მყოფი 25 წლის გოგონას მდგომარეობიდან გამოყვანას. გოგონას ოჯახს მინისტრი სავარაუდოდ ხვალ შეხვდება.

დღის ამბები