27 სექტემბერი 2020,   13:32
ვრცლად
წინასწარი გაფრთხილების გარეშე ამ დარბევას გაცილებით დიდი მსხვერპლი ეყოლებოდა - ახალქალაქში მომხდარი ჯგუფური თავდასხმის საქმე

ახალქალაქში დაპირისპირების დროს მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვს ამავე დაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარესაც. ყველა გამოძიების დასრულებას ელოდება. დაპირისპირებიდან მესამე დღეს ახალქალაქში სიმშვიდეა, თუმცა საპოლიციო ძალები ადგილზე მაინც რჩებიან.

პარალელურად გრძელდება გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე. მიმდინარეობს იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც 4 საცხოვრებელი სახლი დაარბიეს და სასტუმრო გადაწვეს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეფარდებისთვის დღესვე მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქში ახლა სიმშვიდეა, გაბრიელიანების ოჯახში ფიქრობენ, რომ შესაძლებელია დარბევა კვლავ განმეორდეს, ვინაიდან ამ ფაქტში მონაწილე ადამიანები ჯერჯერობით დასჯილები არ არიან.

გაბრიელიანები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დროული და ეფექტური გამოძიება, რათა თითოეული მათი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. ისინი იმ ღამესაც იხსენებენ, როდესაც მათი სახლების დარბევა მოხდა და ამბობენ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გაფრთხილების გარეშე, შესაძლოა ამ სასტიკ დარბევას გაცილებით დიდი მსხვერპლი ჰყოლოდა.

"თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ინფორმაცია მოგვაწოდეს, შეგვეშინდა და მეზობლებთან დავიმალეთ. ახლაც გვეშინია. არ არის გამორიცხული თავდასხმა განმეორდეს. წარსულში გულიკამელებმა ჩემი ქმარი და შვილი არაერთხელ სცემეს. დაპირისპირების მიზეზი არ ვიცი. ვითხოვ გამოძიება სამართლიანად წარიმართოს," - აცხადებს გაბრიელიანების ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

დღეს "კურიერის" კამერამ ვართან მირანიანის სოფელში, გულიკამში, სადაც უკვე გარდაცვლილი ცხოვრობდა, სამართალდამცავების მობილიზება გადაიღო. სავარაუდოდ, როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, შესაძლოა რამდენიმე საათში ადგილზე იმ პირების დაკავებები დაიწყოს, ვინც 8 აგვისტოს მომხდარ ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა.

"მოკლული ბიჭი არ იყო კონფლიქტური, ძალიან მოწესრიგებული ოჯახია. არ ვიცი რა მოხდა, მათზე ცუდს ვერავინ იტყვის," – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

რაც შეეხება თავად გარდაცვლილს და მის ნათესავებს, მათი ვერსიით, დამნაშავე, რომელიც დაკავებულია მირანიანზე ხშირად და ინტენსიურად ძალადობდა და შემთხვევა, რომელიც 8 აგვისტოს მოხდა განზრახ და წინასწარ დაგეგმილი იყო.

8 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მომხდარი მკვლელობის შემდეგ, გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი დაწვეს, მათ შორის - სასტუმრო.

დღის ამბები